როგორ ვასწავლოთ მოსწავლეს ნაწარმოების მიმოხილვის დაწერა
არსებობს ისეთი მხატვრული ლიტერატურა, რომელსაც ბავშვები სიამოვნებით კითხულობენ. მასწავლებლებიც ხშირად ვავალებთ მოსწავლეებს კლასგარეშე ლიტერატურის გაცნობას, ძირითადად არდადეგების დროს. მაგრამ თუ კლასგარეშე აქტივობას სასწავლო პროცესის ნამდვილ შემადგენელ ნაწილად გადავაქცევთ, მოსწავლის ინტელექტუალური ზრდაც უფრო ეფექტურად წარიმართება. ამ მიზნით მთელ კლასს შევთავაზოთ გარკვეული ტიპის ლიტერატურის წაკითხვა (ისევე როგორც სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმების, ვიდეოფილმების და ა. შ. ნახვა), შემდეგ კი წაკითხულის (და ნანახის) შესახებ მიმოხილვის (გამოხმაურების, შეფასების) დაწერა. ასეთი შეფასება დასაბუთებას მოითხოვს: მოსწავლემ უნდა ახსნას, როგორი გრძნობები გამოიწვია მასში ნაწარმოებმა, რა მოეწონა, რა დაიწუნა, რა დაამახსოვრდა ყველაზე მეტად, რომელი მოქმედი პირი, რომელი სიტუაცია და რატომ? მან ყურადღება უნდა მიაქციოს ენასაც – გამოხმაურება შესაფერისი ლექსიკით და გასაგები ენით უნდა ...